ბერბოკი: მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიესალმება „ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის.“


„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით,“ - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს და ჩაახშოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მის ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას მოჰყვა.“


„შეთქმულების თეორიებზე, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ოპოზიციის ლიდერების გუშინდელი დაკავებები, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავება, ევროპული ნორმებისა და ევროკავშირის ღირებულებების მორიგი დარღვევაა“, - წერს ანა ლიურმანი.