შსს: დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული იარაღი, საბრძოლო ვაზნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ბინაში (ამაღლების N12) 5 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.


განცხადებაში წერია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის ბინის ჩხრეკისას, „სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.“


უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას.


დიმიტრი ჩიქოვანი თავის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პოლიტიკუკ დევნად აფასებს.

„მე, საქართველოს ასობით ათას მოქალაქესთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სადაც ადამიანებს არ დევნიან მათი პოლიტიკური კუთვნილების, შეხედულებებისა და ნათესაური კავშირების გამო,“ - დაწერა მან 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში.


განახლება: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, მისი სახლიდან ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და გაფორმებულია, ხოლო "ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. უწყების მიერ ჩადებული."


„ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია, სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემ სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი რაც არ არის გაფორმებული არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული. [...]," - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.


შსს-განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაწყებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩხრეკა ჩატარდა როგორც კონკრეტული პარტიების ოფისებში, ასევე „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების საცხოვრებელ სახლებში“.

ამავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების ფარგლებში უკვე დაკავებულია 26 პირი.


6 დეკემბრის მონაცემებით, აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული.