ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები საქართველოზე: ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას.


ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში გამოხატავენ სინანულს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც „აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.


„ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ,“ - აცხადებენ მინისტრები.


საგარეო საქმეთა მინისტრები „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის „არაპროპორციულ გამოყენებასა“ და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების „მიზანში ამოღებას“ გმობენ.

„ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


მინისტრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე დააყენებენ.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება.


აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ,“ - აცხადებენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.