ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელონ ცრუ ნარატივები ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასწორზე დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვიეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოაცხადა ევროპულმა საბჭომ 27 ივნისს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაურებს.
ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა - რეპრესიების შემაშფოთებელი მუქარით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონის“ ძალაში შესვლით, რომელიც სტიგმატიზებას იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან და აცხადებს მათ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებს; ასევე - ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავენ LGBT+ ადამიანების უფლებებს, ასევე, თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე.
გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაძლიერებას. ევროკავშირი ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ცრუ ნარატივების გავრცელებას არ დაუშვებს.
- კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს თავისი მიმდინარე ქმედებები. საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.
ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, შეესაბამებოდეს ეუთოს ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობით.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ხელი გამოწვდილი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ წერია განცხადებაში.
- ინფორმაციისთვის: ვაიმარის სამკუთხედი არის საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის რეგიონული ალიანსი, რომელიც 1991 წელს, გერმანიის ქალაქ ვაიმარში შეიქმნა. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ტრანსსასაზღვრო და ევროპულ საკითხებში. ის ძირითადად. სამი ქვეყნის ლიდერებისა და მათი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების სახით არსებობს. წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პარლამენტთაშორის კონტაქტებს და სამხედრო, სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობას.
- „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად განიხილება პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაიმარის სამკუთხედი უკრაინისთვის მდგრადი დახმარების უზრუნველსაყოფად მოქმედებს. გასულ წელს, მედია წერდა, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ სავარაუდოდ, ურკაინაც შეუერთდება და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცევა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“
17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.
25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
„უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, შეთქმულების თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან.
სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე, არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.