რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.
შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“
თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
განახლება: სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებს. საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას.
სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი, აქციის მონაწილეები რჩებიან.
ვრცელდება ინფორმაცია პროტესტის მონაწილეთა დაკავების შესახებ, რაც ასევე არაერთმა მედიასაშუალებამ დააფიქსირა, თუმცა შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან.“
განახლება: კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.