სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება, განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
შსს-მ 00:18 საათზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა პარლამენტის შენობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიმართ პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნის სროლაში, რის შედეგადაც დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.“
„სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
„საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცველები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
-
სახალხო დამცველი: მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ
-
სახალხო დამცველი: პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს - დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს