უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს, რომ სამივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ შეხვედრაზე ერთად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„ელისეს სასახლეში კარგი და პროდუქტიული სამმხრივი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ასევე ემანუელის ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. ვისაუბრეთ ჩვენს ხალხზე, ადგილზე არსებულ ვითარებასა და სამართლიან მშვიდობაზე. შევთანხმდით, რომ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ და კონტაქტს შევინარჩუნებთ. მშვიდობა ძალის მეშვეობით შესაძლებელია,“ წერს ზელენსკი.