საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს.“
„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.
ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, ძალადობის პრევენციისთვის ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ამ საკითხზე საუბრის დაწყებამდე, „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დავდასხმას პროვოკაცია უწოდა. კობახიძემ დიდი იმედი გამოთქვა, რომ გამოძიებენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავდასხმის შემთხვევას.
„გამომდინარე იქედან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს რეაგირება - ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე...“
ცნობისთვის, პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას. 5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. დაშავებულები არიან პოლიციელებიც. უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.