საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ფოტოების გარდა, სხვა ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება.
ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.