საქართველოში დანიის საელჩო: დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს.


საელჩოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები.


„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ვეწვიეთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც სასტიკი თავდასხმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიან. ჟურნალისტებს თავს დაესხნენ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ისინი თბილისში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.


ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. ამ ძირითადი ღირებულებების დაცვა აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად,” - ნათქვამია განცხადებაში.


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ „ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის საქართველოში, სრულიად მიუღებელია.“ „საქართველოს მთავრობის ქმედებებს ექნება პირდაპირი შედეგები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე,“ - აღნიშნა რასმუსენმა.