PACE-ს მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე.


მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია.


“ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში,” - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში.


კერნმა და ესტრელამ ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რომელიც შეუნელებლად გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს.


“როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია,” განაცხადეს მომხსენებლებმა.


მათ ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, სრულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი.


„ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს,” - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწისში ჩამოვლენ.