პიტერ სიიარტო: უნგრეთი საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირების წინააღმდეგია

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 10 დეკემბერს, ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნგრეთი ეწინააღმდეგება საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში.“


„თუკი ასეთი შეთავაზება იქნება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება,“ ამბობს სიიარტო. მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.


„ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ,“ - განაცხადა სიიარტომ.


9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.“


ევროკავშირმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი „სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“


მან ასევე დაგმო ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.