ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე მიუთითებს. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა.


ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ჰერჩინსკიმ გამოთქვა სინანული ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან „ქართული ოცნების“ დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ ძალზე ცუდ შედეგებს, რომელიც ამას ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებისთვის მოაქვს.


„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა ელჩმა.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.