სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება. შესაბამისი კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.


კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს და შესაბამის თანამდებობის პირებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რასაც შესაბამისი კვორუმი სჭირდება. პროექტის ინიციატორები მიუთითებენ, რომ კვორუმის არ არსებობის პირობებში დგება მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ, შესაბამისმა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა და მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტში არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.


“შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის დამრღვევად იქნა მიჩნეული.


აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება, სახელმწიფო დაცვით ისარგებლოს, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს,” - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.


არსებული კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება ერთი წლის ვადით, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, ან დანაშაულის ჩადენის შედეგი.


საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რითაც ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი ვერ შეძლო არასაკმარისი ხმების გამო.


პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ძალაში შესასვლელად ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტის კანონიერებას და ლეგიტიმურობას არ აღიარებს.