ესტონეთმა ერევანში საელჩო გახსნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ მარგუს ცაჰკნამ ერევანში, ესტონეთის რეზიდენტი საელჩო გახსნეს. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


თავის გამოსვლაში მირზოიანმა საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანად ნაბიჯად შეაფასა, რომელიც სომხეთთან კავშირების გაღრმავების მიმართ ესტონეთის ერთგულებას ასახავს.


„ეს მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთ-ესტონეთის ურთიერთობებში,“ - განაცხადა მირზოიანმა და აღნიშნა, რომ რეზიდენტი საელჩოს დაარსების გადაწყვეტილებას ესტონეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კოორდინაცია სჭირდებოდა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის კეთილდღეობის მიმართ.


მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ სომხეთისადმი თანმიმდევრულ მხარდაჭერას არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ფარგლებშიც.

თავის მხრივ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საელჩოს გახსნა „ისტორიულ მოვლენად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ესტონეთი აფართოებს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას.


მან შეაქო „სომხეთის გზა მშვიდობის, ევროპული ღირებულებებისა და კეთილდღეობისკენ“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ერევანს.


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისიდან ერევანში გადაიყვანა და საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა. 


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განმარტა, რომ ესტონეთს დიდი ხანია, წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. თუმცა „საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან სისტემატური დაშორების გათვალისწინებით, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.“ ესტონეთი „კვლავაც უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას.“


თბილისიდან წასვლის წინ ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:


„თუ მეკითხებით, ჩემი წასვლის ფაქტი ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ასახავს. ამის დამალვა არ შემიძლია. ასე მუშაობს დიპლომატია.“  ესტონეთი საქართველოში საელჩოს არ ხურავს.

„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი აქ და საელჩოს მუშაობას ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაუძღვება. ტალინში დიპლომატიურ სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ საქართველოს ასევე აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც უძღვება დროებითი რწმუნებული. ასეთია მდგომარეობა,“ - განაცხადა მარგე მარდისალუ-კაჰარმა.


„ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 14 თებერვალს.


ესტონეთის საელჩო თბილისში 2006 წლის დეკემბერში გაიხსნა. საქართველომ კი,  ტალინში საელჩო 2007 წლის აპრილში გახსნა.