პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოსადმი „უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე.“ ირაკლი კობახიძის თქმით, „კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ.“ ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო ტელევიზია Real TV-ს.
“ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით.