აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიუულოცა.
ალიევის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
„ძვირფასო ბატონო ყაველაშვილო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხის ნებით, რომლებიც ისტორიულად მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში ცხოვრობდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში,“ – წერია ილჰამ ალიევის მისალოც წერილში.
თავის მხრივ, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს წარმატებებს უსურვებს.
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.