300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.
დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც. ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია ერთი ბიულეტენი.
პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად აირჩიეს პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეთა შეფასებით, „პრეზიდენტის არჩევის პროცესია არალეგიტიმურია, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.“
კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად, მას ჰქონდა ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს: „აქ ვარ და აქ ვიქნები,“ განაცხადა ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი 27 ნოემბერს დაასახელა.
ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში
კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:
საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.