რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია."
ევროპელი პოლიტიკოსები ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა.
„მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად "არჩევა" მორიგი ნაბიჯია საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის "გლაიხშალტუნგის" (ნაცისტების მოგონილი ტერმინი, რომელიც მათ მიერ გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას აღწერს - რ.თ.). მმართველი პარტია აღრმავებს დაყოფას საქართველოში, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს," - დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა x-ზე.
მომდევნო პოსტში მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია".
თავის მხრივ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ დაწერა, რომ "ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას განაგრძობს".
„დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა. რაც ჩატარდა ფარსი იყო, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში," - წერს ლიეტუველი პოლიტიკოსი, რომელიც 11-13 დეკემბერს საქართველოში იყო ჩამოსული სხვა ექვს ევროპარლამენტართან ერთად.
„საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია, არჩეული თავისუფალი არჩევნების შედეგად," - აღნიშნავს იუკნევიჩიანე
მსგავსი გზავნილი ჰქონდა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიჰელსონსაც.
"დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილს, სურს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა, ულტრა-მემარჯვენის და პრო-რუსის, როცა ყოველდღე ქართველები პროტესტს მართავენ დემოკრატიისა და ევროპისადმი თავისი ერთგულების გამოსახატად. ჩემი სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს," - დაწერა მან x-ზე. ნატალი ლუაზომ ასევე გააზიარა მარკო მიჰკელსონის პოსტი.
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიულოცეს.