ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადება პირველად დააფიქსირეს

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, ვარსკვლავების გარშემო პლანეტარული სისტემის დაბადების მოწმე გახდა — მომავალში ის შეიძლება, ჩვენს მზის სისტემას დაემსგავსოს.

„პირველად ჩვენ დავაფიქსირეთ ის ყველაზე ადრეული მომენტი, როცა პლანეტების ფორმირება ვარსკვლავის გარშემო იწყება — მზის გარდა სხვა ვარსკვლავის გარშემო,“ — აცხადებს მელისა მაკლური, ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ჯგუფის ხელმძღვანელი.


მეცნიერებმა პლანეტარული სისტემის დაბადების მომენტი ზუსტად განსაზღვრეს — მაშინ, როდესაც მატერიის ნაწილაკებმა ახალგაზრდა ვარსკვლავ HOPS-315-ის გარშემო ფორმირება დაიწყეს. ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით 1,300 სინათლის წლითაა დაშორებული, და სწორედ ამ მატერიიდან უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში პლანეტები.


ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში მდებარე ALMA-ის რადიოტელესკოპების ქსელის (66 ტელესკოპი) მონაცემებისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების შედეგად.