ბაირამოვი თბილისში: ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთთან მდგრადი მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობები არსებობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თბილისში თავის ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარება დღევანდელ მოლაპარაკებებზე საფუძვლიანად განიხილეს.


„ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია კონფლიქტის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამშვიდობო პროცესის პერსპექტივები იმედისმომცემია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, სომხეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები,“ - განაცხადა ბაირამოვმა.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების არსებულ ბარიერებს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პრეტენზიებს, რომლებიც სომხეთის კონსტიტუციაშია გათვალისწინებული და  ასევე - ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის სრული შეწყვეტის აუცილებლობას.


„ასევე დეტალურად განვიხილეთ სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეკონსტრუქციის ძალისხმევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მშობლიურ მიწებზე დაბრუნების საკითხი და ნაღმების საფრთხე,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.


ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არსებული ტერიტორიული პრეტენზიები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დაბრკოლებას წარმოადგენს.


ბოჭორიშვილა თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს და კვლავაც მზად არის  წვლილის შესატანად სამი ქვეყნის ურთიერთობებში.


ბოჭორიშვილის შეფასებით: „ერთგვარად შესაძლებლობად შეიძლება, განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინებით განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააჩნიათ ამ მოცემულობაში.“


„არაერთი ვიზიტი ვახსენეთ, რომელიც განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის, მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და კიდევ უკეთ გამოსაყენებელი იმისთვის, რომ ის საკითხი, რაზეც დღეს ასე ხშირად მიდის საუბარი, რომელიც ეხება შუა დერეფანს, უკეთ იყოს გამოყენებული და ათვისებული,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებზეც იმსჯელეს.

„ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. აზერბაიჯანი საქართველოში ძირითადი ინვესტორია და წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში 3.6 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილ შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში. ჩვენ არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ტურიზმის მიმართულებითაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 22 ივლისს ეწვია.