შუა დერეფანი: ჩინური კომპანია აზერბაიჯანი-ყაზახეთი-საქართველოს ერთობლივ საწარმოს შეუერთდა

ჩინური კომპანია China Railway Container Transport Corp. Ltd (CRCT) აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ სარკინიგზო საწარმოს, Middle Corridor Multimodal Ltd-ს შეუერთდა. ამის შესახებ Trend-ს Azerbaijan Railways CJSC (ADY)-ის წყარომ განუცხადა.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება AZCON Holding-ის შემადგენლობაში შემავალი ADY-ის თავმჯდომარის, როვშან რუსტამოვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ ახლად დანიშნული გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძისა და ყაზახეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის საბჭოს თავმჯდომარის, ტალგატ ალდიბერგენოვის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთხმად მიიღეს.


განიხილეს Middle Corridor Multimodal Ltd.-ის შვიდთვიანი საქმიანობის შედეგები, რომელიც აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის კომპანიებს შორის შუა დერეფნის განვითარებაზე ეფექტიანი თანამშრომლობისთვის შეიქმნა.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, მარშრუტზე მომსახურების დიგიტალიზაციის გაფართოებას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო დროს ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მზარდი ტენდენცია შეინიშნება.