აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.
ამავე ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების მხრივ, მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ. ორივე რეგიონში რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუსჯელად ჩაიდინა დარღვევები,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია პრესის თავისუფლების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
"ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რომელიც 28 მაისს ამოქმედდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის ობიექტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები ასევე შეშფოთების საგანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის შესახებ წინა სისხლის სამართლის გამოძიებები კვლავ განხილვის პროცესში იყო," - წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა.