ტრამპის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ პუტინი არ დათანხმდება უკრაინასთან ომის დასრულებას პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ სამიტზე, „ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.“


დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დიდი შანსია, რუსეთის პრეზიდენტთან მეორე შეხვედრის, რომელშიც შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთოს.

„თუ პირველი [შეხვედრა] კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის [შეხვედრას], და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო.


ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს… მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ უკვე პირველ შეხვედრაზე შეიძლება, იქნას მიღწეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა მეორე შეხვედრა შეიძლება, არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება,” - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და NATO-ს პერსპექტივაზე - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს.


დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება.

„უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


„რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია.... ჩემი პოზიცია არ იცვლება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფაა და რომ უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი, უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა და ტრამპს მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის დასმისთვის მადლობა გადაუხადა. კირ სტარმერის თქმით, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - ევროპა მზად არის მხარდასაჭერად.


„ალასკაზე პრეზიდენტ ტრამპის პუტინთან შეხვედრამდე, შესანიშნავი სატელეფონი საუბარი იყო ტრამპთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, ერთიანი ვართ ამ საშინელი ომის დასასრულის დაახლოებასა და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ვაფასებ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა,” - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე X-ზე.


„ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.

აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში.

დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის.

ახლო კომუნიკაციაში დავრჩებით. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა,” - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გნაცხადებით, თუ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები წარიმართება, მაშინ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.