„თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“ - პუტინი ფიცოს ჩინეთში შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ - რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია.“

შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და ამტკიცებდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება.


„ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა,“ - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.