ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განცხადებით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ.
ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო.
ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა.
„უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ,“ - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.