ლაიენი: ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი წარადგინისას განაცხადა, რომ რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება, რის გამოც ევროკავშირი ევროპულ ბაზრებზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს. სანქციები ასევე ითვალისწინებს საექსპორტო შეზღუდვებს იმ ნივთებისა და ტექნოლოგიებისთვის, რომლებსაც ბრძოლის ველზე გამოიყენებენ. ლაიენმა წევრ სახელმწიფოებს სანქციების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდა.


„იზრდება საფრთხეები ჩვენი კავშირისთვისაც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა Shahed-ის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში. ჩვენი კავშირისთვის საფრთხეებიც იზრდება. ეს არ არის ისეთი ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ესკალაციას ახდენს. საპასუხოდ კი ევროპა აძლიერებს ზეწოლას. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ დღეს სანქციების მე-19 პაკეტს,“ - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


„ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება. ამიტომ, ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი დავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აღსრულების გასაძლიერებლად, ჩვენ ამჟამად სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. სულ, ევროკავშირის სანქციების ქვეშ 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“, ახლა სრული ტრანზაქციები ეკრძალებათ. სხვა კომპანიებსაც აქტივები გაეყინებათ. ახლა მათ წინააღმდეგ მივდივართ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით აძლიერებს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლაიენის თქმით, სანქციების პაკეტის სამიზნე ასევე ფინანსური ხვრელებია, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს.


„ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას დამატებით ბანკებზე რუსეთში და მესამე ქვეყნების ბანკებზე. ვაძლიერებთ ზომებს გვერდის ავლის წინააღმდეგ. რადგან თავის არიდების ტაქტიკა უფრო დახვეწილი ხდება, ჩვენი სანქციები ადაპტირდება, რათა წინ წავიდეთ. ამიტომ, პირველად, ჩვენი შემზღუდავი ზომები კრიპტო პლატფორმებს შეეხება და კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს აკრძალავს. ჩვენ სიაში შევიტანთ უცხოურ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ალტერნატიულ გადახდის სერვის სისტემებთან. ასევე, ვზღუდავთ ტრანზაქციებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მყოფ სუბიექტებთან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღეს მიიღო. სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.