შუა დერეფანი, სავარაუდოდ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან იშვიათ მიწათა ელემენტებისთვის კონკურენცია იზრდება - ცენტრალური აზია კრიტიკული მინერალების უზარმაზარ მარაგს ფლობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი The Atlantic Council-ი წერს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის კავშირის გაფართოება სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, შუა დერეფანი გადაკვეთონ და რუსეთის გვერდის ავლით გაიარონ.
„ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ძირითადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფას და იშვიათ მიწათა ელემენტებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა, სმარტფონები, ელექტრომობილები და ნახევარგამტარები,“ - ნათქვამია The Atlantic Council-ის უახლეს ანალიზში.
ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.