ევროკავშირმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს.
ევროკავშირის ვაჭრობის სფეროს კომისარმა მაროშ სეფკოვიჩმა და ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრმა აირლანგა ჰარტარტომ ბალიზე, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას და ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება აუქმებს ევროკავშირის ექსპორტზე დაწესებულ უმეტეს ტარიფებს, მათ შორის, ავტომობილების ნაწილებზე, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ამავდროულად, გახსნის ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა, ელექტრომობილები.
ინდონეზიის ეკონომიკის მინისტრმა შეთანხმებას მნიშვნელოვანი მოვლენ უწოდა. მისი თქმით, ის „შეამცირებს გლობალური სატარიფო ომის გავლენის რისკებს.“
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ზრდას, ამავდროულად, უზრუნველყოფს ევროპის სუფთა ტექნოლოგიების ინდუსტრიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ხსენებული პროცესი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფართომასშტაბიანმა სატარიფო პოლიტიკამ დააჩქარა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.