მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე, ასევე აზერბაიჯანიდან სომხეთის მონაწილეობით პოტენციურ პირდაპირ მარშრუტებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიას თურქეთთან, ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (AIIF 2025) გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი 2030 წლისთვის, განახლებადი ენერგიის წილის 38%-მდე გაზრდას გეგმავს.
„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ 10 მზის და ქარის ელექტროსადგურის ინტეგრაციას ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2000 მეგავატია და ინვესტიციის ღირებულება 2.7 მილიარდი დოლარია. 2030 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ განახლებადი ენერგიის წილს დადგმულ სიმძლავრეში 38%-მდე გავზრდით,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, როგორც მწვანე ენერგიის მთავარი მიმწოდებლისა და სატრანზიტო ცენტრის, პოზიციის სტრატეგიულად გაძლიერებას.
„ამჟამად, კასპიის ზღვაში მიმდინარეობს გაზომვისა და მონიტორინგის სამუშაო ოფშორული ელექტროსადგურების მშენებლობის ზონების დასადგენად და მიმდინარეობს თანამშრომლობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.