- აშშ სომხეთს „ზანგეზურის დერეფნისთვის“ 145 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც აზერბაიჯანისთვის სომხეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტის გახსნას ითვალისწინებს, შტატები 145 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა 11 სექტემბერს, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელმა ბრენდან ჰანრაჰანმა საკითხი ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან განიხილა.
„აქ, ერევანში, სიხარულით ვაცხადებ, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას, რაც TRIPP-ის რეალობად ქცევისკენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს,“ - განაცხადა ჰანრაჰანმა მოლაპარაკებების შემდეგ, X-ზე განთავსებულ პოსტში. მან ხაზი გაუსვა, რომ პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური ინვესტიციების გაფართოების საერთო მიზნებზე.
სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია აშშ-ის ოფიციალური პირის სიტყვები, რომლის თანახმად, დაგეგმილი დაფინანსება მოხმარდება „ინვესტიციებს ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურაში, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებსა და საზღვრისპირა უსაფრთხოებას. ინფორმაციაში სხვა დეტალები მითითებული არ არის.