დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენას კოპენჰაგენი ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„ეჭვგარეშეა, რომ როდესაც სისტემატურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი პროფესიონალ აქტორზე მიანიშნებს. მე ამას ჰიბრიდულ თავდასხმას ვუწოდებ, რომლის დროსაც, სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენება ხდება. ნათელია, რომ კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ინციდენტს ვიხილავთ,“ - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
დანიის იუსტიციის მინისტრ პიტერ ჰუმელგაარდის ცნობით, დრონების საფრთხის განეიტრალების მიზნით დანია ჩამჭრელ დრონებს შეიძენს.
დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა.
სამშაბათს, დრონები კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზეც დააფიქსირეს, რის გამოც, ფრენები ოთხი საათით შეჩერდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ინციდენტს „ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა და მომხდარში რუსეთის შესაძლო მონაწილეობა არ გამორიცხა.
დანიის ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ ვინ დგას ინციდენტების უკან. ისინი გამოძიებას აგრძელებენ. პოულსენმა აღნიშნა, რომ „არსებობენ ქვეყნები ან აქტორები, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ინტერესი უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერის შელახვის მიმართ.“
„მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, რომ რუსეთმა დაგვაშინოს,“ აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
დანია NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას განიხილავს.