გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს.
სხდომა ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.
„სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა NATO-ს საჰერო სივრცე კიდევ დაარღვია,“ - განაცხადა მაიკ უოლცმა.
უოლცმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„აშშ და ჩვენი მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს,“ - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს თავდაცვაში დაეხმარება, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს. 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რის პასუხადაც, პოლონეთმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.
19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს, რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.