აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა, 28 სექტემბერს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დაუშვა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც უკრაინას შეუძლია, განახორციელოს შორი დისტანციის დარტყმები რუსეთის სიღრმეში.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს, რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კიტ კელოგმა უპასუხა: ვფიქრობ, ტრამპის ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ.“ კელოგმა განმარტა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს.
აშშ „განიხილავს“ კიევისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდების საკითხს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავ უარს ამბობს ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ და სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შესაბამისი კომენტარი კი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 28 სექტემბერს გააკეთა. საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების განხორციელება, ტრამპმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, აღნიშნა კელოგმა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა,“ - განაცხადა კელოგმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე, ის რაც მათ სურთ, არის იარაღი და მისი გამოყენების უფლება.
„უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება,“ - აღნიშნა კელოგმა. Tomahawk-ის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია (1550 მილი).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი შეფასების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის [2022 წლის 2 თებერვლის შემდეგ] დაწყებიდან, დაახლოებით 1,109,590 ჯარისკაცი დაკარგა.