დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს. ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ დაფინანსების კანონპროექტზე შეთანხმების მიუღწევლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება. „შათდაუნმა“ შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.
უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურებს, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას, ვიდრე კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება.
ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის დახურვა (შათდაუნი) ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა არა არსებითი ფუნქცია შეჩერდება. ფედერალური უწყებები დამოკიდებულები არიან კონგრესის მიერ დამტკიცებულ დაფინანსებაზე, რათა პრეზიდენტს საშუალება მიეცეს, ხელი მოაწეროს მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონს. თუ კონგრესმენები დაფინანსებას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ეს უწყებები იძულებულები ხდებიან, დაიხურონ.
„სიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.
ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში,“ - წერს თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.