ევროკავშირის ლიდერები „დრონების კედლის“ შექმნას განიხილავენ. ბევრმა ლიდერმა რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცის თავხედურ დარღვევაში დაადანაშაულა, რაც გამოიხატა პოლონეთის თავზე დრონების და ესტონეთის თავზე გამანადგურებლების ბოლოდროინდელ შეჭრაში. ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს - ევროკომისიას ჯერ არ შეუმუშავებია დრონების კედლის დეტალური გეგმა, რაც ხარჯებთან დაკავშირებულ კითხვებს ჯერჯერობით ღიად ტოვებს.
ცნობილია, რომ ფინეთი დანიას თავდაცვაში დაეხმარება. ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ფინეთი დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტს გაგზავნის და ფინეთის სასაზღვრო დაცვა მხარდაჭერას გაუწევს ქვეყანას.
„ფინეთი სრულად უჭერს მხარს დანიას საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმ ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებში, რომელიც ბოლო დღეებსა და კვირებში ვიხილეთ. ამ მხარდაჭერის კონკრეტული მიზნით, ფინეთმა დღეს გადაწყვიტა, დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს. ფინეთის სასაზღვრო დაცვაც საკუთარი შესაძლებლობებით დახმარებას გაუწევს,“ - აღნიშნა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არის სკანდინავიური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი. „გავაგრძელებთ ჩვენი მიდგომების დაახლოებას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით,“ - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. 22 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტის რაიონში დრონების დაფიქსირების გამო ასამდე რეისი გაუქმდა, გადაიდო ან სხვა აეროპორტებისკენ გაიგზავნა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ეს იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა. დანიის მთავრობა ინციდენტთან რუსეთის კავშირს არ გამორიცხავს. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
24 სექტემბერს დანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დროებით დაეხურა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ოლბორგის აეროპორტიც მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში დრონები დააფიქსირეს. ამ აეროპორტს დანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც იყენებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დანიის თავზე დრონების გამოჩენა „აჩვენებს, რომ საჭიროა წინასწარი განგაშის სისტემები და თანამშრომლობა.“