ყაზახეთმა ჩინეთიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო მანქანების შემოწმება დაიწყო

ყაზახეთის საბაჟო უწყებებმა ჩინეთიდან რუსეთში საქონლის გადამზიდავი იმ სატვირთო მანქანების 99%-ის შემოწმება დაიწყეს, რომლებიც შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. შედეგად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგი წარმოიქმნა.


სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესებულნი არიან ელექტრონიკის, დრონებისა და მათი კომპონენტების, დასავლური წარმოების საქონლისა და მსგავსი სანქცირებული პროდუქტების გადამზიდავი სატვირთო მანქანებით. ასეთი სატვირთო მანქანები შემთხვევათა 99%-ში საბაჟო შემოწმებას გადის.


„ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სირთულეები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერებით არის გამოწვეული - საბაჟო ოფიცრები არაკეთილსინდისიერ გადამზიდავებს ავლენენ,“ აცხადებს იაროსლავ ბელოუსოვი, FM Logistic-ის საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი რუსეთში. „კომერსანტის“ ცნობით, 2 ოქტომბრისთვის, ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 7,500 სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული.