ელინა ვალტონენი: ფინეთი ძალიან მოხარული იქნებოდა, თუ საქართველო კრიტერიუმების საფუძველზე ევროკავშირში გაწევრიანდებოდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს  - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში მართავს შეხვედრებს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. მან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრტის შემდეგ, დღის ბოლოს, X-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნა, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის სივრცე საგანგაშო ტემპით მცირდება.“ ვალტონენის თქმით, „ფინეთი კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში.“


უფრო ადრე, ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.


„ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტი, რუსეთის მიერ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ეუთოს როლი. შეხვედრის დროს გამოვთქვი შეშფოთება საქართველოში არსებული შიდა ვითარების შესახებ. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა მდგრადობისა და სუვერენიტეტის გასაღებია.


საერთაშორისო ორგანოების, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.


ამ ხმების ჩახშობა ძირს უთხრის არამხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებს, არამედ, საზოგადოების მდგრადობას მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ეუთო მზადაა დასახმარებლად,“ - დაწერა ელინა ვალტონენმა X-ზე.


„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში, ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით,“ - ეს განცხადება კი, მან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ამ გზაზე პროცესი საქართველოს ევროკავშირში წევრობით არ დასრულდება, ეს ქვეყნის გადაწყვეტილება იქნება.


„მე ყოველთვის ვეუბნები ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს, რომ ყველა და ნებისმიერი რეფორმა, რომელიც წევრობისთვის არის საჭირო და მოეთხოვებათ კანდიდატ ქვეყნებს, ეხება ეს კანონის უზენაესობას, პროცესებს, ყველა უმცირესობათა ჯგუფების ინკლუზიურობას, გამჭვირვალე სისტემების შენებას, კორუფციის აღმოფხვრას, სრულად საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობასა და ბევრ სხვა საკითხს - ყველა ამ რეფორმას აღვიქვამთ, როგორც დიდ ფასეულობას ევროკავშირის წევრობისკენ.


თუ ამ გზაზე არ დასრულდება პროცესი წევრობით, ეს ქვეყნის გადასაწყვეტია. ყველა ნაბიჯი ამ გზაზე იმ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებშია, ამ გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება იმიტომ, რომ უფრო მეტ თავისუფლებას გულისხმობს, მეტ ძალაუფლებას გულისხმობს ყოველი კონკრეტული ქვეყნისთვის და აძლევს მეტ კეთილდღეობას სამომავლოდ იმიტომ, რომ სრული ჩართულობა იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით და საერთაშორისო ვაჭრობის საფუძველზე. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ევროკავშირი დიდი სიამოვნებით სთავაზობს საქართველოს.


აქაც მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დემოკრატიაში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მთავრობა ზოგიერთ ნაბიჯს არ დგამს და საწინააღმდეგო მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, ამ თავისუფლებების ჩამორთმევის და არა მინიჭების მიმართულებით,“ - განაცხადა ელინა ვალტონენმა.


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მოხარული იქნება, თუ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში კრიტერიუმებზე დაყრდნობით.~


„როგორც ევროკავშირის წევრს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინეთი მოხარული იქნება საქართველო ერთ დღეს თუ გახდება ევროკავშირის წევრი იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომლებიც აღვნიშნე. კითხვის ნიშანი მაქვს და ეს კიდევ ერთხელ ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, გადაწყვიტონ რა არის მათი მომავალი, მაგრამ ისინი სრულ ჩართვას იმსახურებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პოლიტიკურ სისტემაში,” - განაცხადა ელინა ვალტონენმა.


თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „ეუთოს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა.“


„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და, გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი...


ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და, ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.


ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.


ცნობისთვის, დღის ბოლოს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა, სამშაბათს, ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნორდიკულ-ბალტიური რვიანი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც შეიძლება, სასარგებლო იყოს სომხეთთან თანამშრომლობისთვის. 


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ფორმატი უსაფრთხოებასა და რეაგირებაზეა ორიენტირებული და ევროკავშირისა და NATO-ს რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. ასევე, ვალტონენმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე საზოგადოების მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიის საფუძველს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სომეხ კოლეგასთან განიხილა.