კუალა-ლუმპურში გამართულ ცერემონიაზე, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.
„ეს დეკლარაცია, თუ სრულად განხორციელდება, მდგრადი მშვიდობის საფუძველს შექმნის, მაგრამ რაც მთავარია, ის ჩვენი კავშირების აღდგენის პროცესს დაიწყებს,“ - განაცხადა ჰუნ მანეტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას ისტორიული უწოდა.
ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა აშშ-ის პრეზიდენტი შეაქო და აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ცერემონიის შემდეგ, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, დღევანდელი ღონისძიება „მშვიდობისკენ მიმავალ გზად“ შეაფასა. ტაილანდი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ დავა ორმხრივად უნდა მოგვარდეს, გარე შუამავლების გარეშე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „აფასებს“ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას და აშშ-სა და მალაიზიას მხოლოდ ამ შეთანხმების „ხელშემწყობ“ პირებად აღწერს.
ივლისში, ტრამპის ეკონომიკურმა ზეწოლამ ორ ქვეყანას შორის საზღვართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო დაწყებული 5-დღიანი შეტაკებები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ სადავო საზღვრიდან მძიმე შეიარაღებას გაიყვანს და მისი მონიტორინგისთვის დროებითი დამკვირვებლების ჯგუფი შექმნიან.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად.