Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ბალტიის ზღვაში უკან გაბრუნდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
მედია წერს, რომ ინდოეთში მიმავალი რუსული ნავთობის გადამტანმა ტანკერმა კურსი მარშრუტის შუაში შეიცვალა და ამჟამად ბალტიის ზღვაშია გაჩერებული. გემზე არსებული ნავთობი „როსნეფტის“ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ ერთი კვირის წინ სანქციები დაუწესა.
ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების უფროსმა ხელმძღვანელებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ახლა მოსალოდნელია რუსული ნავთობის ნაკადის მკვეთრი შემცირება. გავრცელებული ცნობით, 20 ოქტომბერს ტანკერზე რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ პრიმორსკში თითქმის 730,000 ბარელი ურალის ნედლი ნავთობი გადაიტვირთა.
Bloomberg-ის ცნობით, ვაშინგტონის სანქციებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი — განსაკუთრებით, ინდოეთში, რომელიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მყიდველი გახდა.