რუსული ენერგეტიკული გიგანტი „ლუკოილი“ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიას თავის უცხოურ აქტივებს მიჰყიდის.
კომპანიის განცხადებით, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა, „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.
Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ის თანადამფუძნებელი რუსი მილიარდერი და პუტინის ახლო მოკავშირე გენადი ტიმჩენკოა. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო, სანქციები დაწესდა.
შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა. ამჟამად „ლუკოილი“ მსოფლიოში დაახლოებით 5000 ავტოგასამართ სადგურს მართავს და „როსნეფტთან“ ერთად, მოსკოვის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს ითვლის.