აზერბაიჯანის გავლით, სომხეთში ყაზახური ხორბლის პირველი პარტია გაიგზავნა

აზერბაიჯანის გავლით ყაზახური მარცვლეულის სომხეთში ტრანსპორტირება ოფიციალურად დაიწყო. Report-ის ცნობით, ყაზახეთიდან ხორბლის 15 ვაგონისგან შემდგარმა ტვირთმა 5 ნოემბერს აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და საქართველოსკენ მიემართება.


იალამა-ბილაჯარი-ჰაჯიგაბული-ბოიუკ კასიკის მარშრუტით გადაზიდული ტვირთი სომხეთის დალარიკის სადგურზე გაიგზავნება რუსეთიდან ჩამოსული 15 ვაგონის შემდეგ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოიხსნა.

აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, 15 სატვირთო ვაგონი, რომელიც რუსული ხორბლით იყო დატვირთული, სომხეთის დალარიკის სადგურზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავიდა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთის პირდაპირ გადაზიდვის პირველი შემთხვევა იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.