რომელ ადგილზეა თბილისი ცხოვრების ღირებულების მიხედვით

საერთაშორისო პლატფორმა Numbeo-ს მონაცემებით, თბილისმა ცხოვრების ღირებულების გლობალურ რეიტინგში 302-ე ადგილი დაიკავა. ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქმა სექტემბერთან შედარებით სამი პოზიციით, წინ წაიწია. თბილისმა ისეთ ქალაქებს გაუსწრო, როგორიცაა, ბაქო (333-ე), მინსკი (361-ე) და კიევი (336-ე), მაგრამ მოსკოვს (229-ე) და სანქტ-პეტერბურგს (267-ე) ჩამორჩა.


თბილისში ცხოვრების ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე მეზობელ ერევანსა (253-ე) და სტამბოლში (247-ე), ასევე, ბელგრადში (226-ე).


Numbeo-ს შეფასებით, სექტემბერთან შედარებით, თბილისში სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ოდნავ შემცირდა. ოთხსულიანი ოჯახისთვის, ქირის გამოკლებით, სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები 6,237 ლარია, ხოლო მარტოხელა ადამიანისთვის - 1,690 ლარი.


ერევანში ოთხსულიანი ოჯახი (ქირის გამოკლებით) 7,289 ლარს დახარჯავს, სტამბოლში - 7,207 ლარს, ხოლო ბელგრადში - 7,252 ლარს. ერევანში საშუალოდ ადამიანი 2,004 ლარს ხარჯავს, სტამბოლში - 1,928 ლარს, ხოლო ბელგრადში - 2,087 ლარს. ერევანში ცხოვრების ღირებულება თბილისთან შედარებით, 18.7%-ით მეტია, ხოლო ქირა საშუალოდ 4.6%-ით მეტი. სტამბოლი თბილისს ცხოვრების ღირებულებით 20.8%-ით და ქირით 30.9%-ით აღემატება, ხოლო ბელგრადი თბილისს ხარჯებით 31.3%-ით და ქირით 25.4%-ით აღემატება.