თურქეთის თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა, F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა - მედია

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, თურქეთის სამძებრო-სამაშველო და ავარიების გამოძიების ჯგუფმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლა.


კატასტროფის შედეგად, თურქეთის საჰაერო ძალების C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ნარჩენები ქოლაგირის მონასტრის მახლობლად იყო მიმოფანტული და პირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს.


გარდა ამისა, საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ავიაციის უსაფრთხოების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. გამოძიება კოორდინირებული წესით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს.


თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები ან ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება.


სააგენტოს მიერ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ.


თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.


სააგენტო apa ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 10 ნოემბერს დაეშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა შემოწმების პროცედურა, რაც აეროპორტის ვიდეოკამერებითაა დაფიქსირებული.


სააგენტოს წყაროს ცნობით, თვითმფრინავის(მისი ბოლო კაპიტალური რემონტი 2020 წელს ჩატარდა) კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე - ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება.


ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა. მომხდარს გამოეხმაურა NATO-ს გენმდივანი.


"ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.

ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები და ალიანსის ყველა, ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი და ქალი ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - წერს მარკ რუტე X-ზე.


დღეს, 12 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელები გამოაქვეყნა.

The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.


„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა.

ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს.