„დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო“ - რაზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა ჟენევაში

  • ორშაბათს, 24 ნომბერს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ სამშვიდობო გეგმაში არსებული ხარვეზების შემცირება სცადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის წინადადების შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომელსაც კიევი და მისი ევროპელი მოკავშირეები კრემლის სურვილების სიად მიიჩნევდნენ.

აშშ-მ და უკრაინამ შაბათ-კვირას ჟენევაში მოლაპარაკებები გამართეს. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი. უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე, მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც, ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს კი, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.


შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და განმარტეს, რომ ჟენევაში გამართული შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო; მოლაპარაკებები კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემის გამომხატველი იყო და ხაზი გაესვა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას. 


ევროკავშირი მიესალმა უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის საქმეში წინსვლას, თუმცა განაცხადეს, რომ აშშ-ის გეგმის პროექტის სწრაფად გადახედვის პროცესი გრძელდება, კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები. ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის დიპლომატიურ, სამხედრო აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით დახმარებას. მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მიესალმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს.“


„ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია,“- აღნიშნა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და განაცხადეს, რომ ის რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო


მოგვიანებით, აშშ-სა და უკრაინის ერთობლივი განცხადების მიხედვით კი, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები უაღრესად პროდუქტიული იყო.


„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო,“ - აღნიშნულია განცხადებაში და აქვე ხაზგასმულია, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივ წინადადებებზე.


„ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას.“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ საჭიროა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის NATO-ს როლზე, მუშაობა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, მისმა გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში გადაუჭრელი საკითხები შეამცირა.


„ეს არის სამუშაო - ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და NATO-ს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება. ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ორმხრივი ხასიათისა იყო. შემიძლია, გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ,“ - აღნიშნა რუბიომ.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჭირდება დრო გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. 


„დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ნამდვილად წინ წავედით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ. იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი, გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე, მეტი ადამიანი დაიღუპება. მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება,“ - აღნიშნა რუბიომ.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი საკითხები მოლაპარაკებების მაგიდაზე დარჩეს. კერძოდ, ეს ეხება ყველა უკრაინელი ტყვის სრულ გათავისუფლებას „ყველა ყველასთვის“ ფორმულის ფარგლებში, ასევე, რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებას.


„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან, მუშაობას ისეთი კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ


ზელენსკის თქმით, უკრაინა კრიტიკულ მომენტშია, მჭიდროდ თანამშრომლობენ შეერთებულ შტატებთან,ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან: „განვსაზღვრავთ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად და რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“


„პუტინს სურს იმის სამართლებრივი აღიარება, რაც მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არამხოლოდ უკრაინისგან, არამედ. მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკის შეფასებით, ჟენევაში პირველი შეხვედრები აჩვენებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, გაითვალისწინოს კიევისთვის მნიშვნელოვანი შენიშვნები.


გასულ კვირას უკრაინაში ომის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმის დეტალები გახდა ცნობილი. თეთრი სახლის განცხადებით, გეგმას, რომელიც აშშ-მ და უკრაინამ ჟენევაში შაბათ-კვირას განიხილეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალური პირების მიერ შემუშავების შემდეგ მხარი დაუჭირა. რუბიო ასევე აღნიშნავს, რომ ჩარჩო „აშშ-ს მიერ არის შექმნილი“, თუმცა აღიარებს, რომ ის „რუსული მხარის მიერ შეტანილ ინფორმაციას ეფუძნება.“


BBC წერს, რომ დოკუმენტი სრულად ჯერ არ უნახავთ, თუმცა წარმოადგინა ხუთი პუნქტის მოკლე მიმოხილვა, რომლებიც გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველ გეგმაში იყო:

ბოლო ვადა: ტრამპმა თავდაპირველად უკრაინას 28-პუნქტიანი გეგმის მისაღებად 27 ნოემბრამდე (მადლიერების დღე) მისცა, თუმცა განაცხადა, რომ ეს ვადა შეიძლება, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებები „კარგად წარიმართება.“


ტერიტორიის გადაცემა: უკრაინა დონეცკის რეგიონის იმ ნაწილებიდან უნდა გავიდეს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ, „ბუფერული ზონის“ შესაქმნელად.

რუსეთის კონტროლი რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული იქნებოდა, ისევე, როგორც მოსკოვის კონტროლი მეზობელ ლუგანსკის რეგიონსა და სამხრეთ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა


შეიარაღებული ძალების შემცირება: უკრაინას სთხოვენ, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალები 600 000 ადამიანამდე - გასული წლის იანვარში უკრაინას დაახლოებით 880 000 აქტიური პერსონალი ჰყავდა.


უკრაინის მომავალი: კიევმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გაწევრიანდება NATO-ში, თუმცა ის მაინც შეძლებს ევროკავშირის წევრობას.

რუსეთის იზოლაციიდან გამოყვანა: ქვეყანა „რეინტეგრირებული“ იქნება გლობალურ ეკონომიკაში.

საწყისი გეგმა მოლაპარაკებების პროცესშია და შეიძლება, მნიშვნელოვნად შეიცვალოს. აშშ აცხადებს, რომ ჟენევაში „წარმოდგენილი ცვლილებებისა და განმარტებების საფუძველზე“, უკრაინელები „მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პროექტი ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფს სანდო და აღსრულებად მექანიზმებს უკრაინის უსაფრთხოების დასაცავად როგორც უახლოეს, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში.“


კრემლისთვის უცნობია, რა შეიცვალა უკრაინის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაში მხარეებს შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგად.

ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, მისი შეკითხვის პასუხად დღეს, 24 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. პესკოვის თქმით, კრემლში გაეცნენ განცხადებას, რომელიც ჟენევაში გამართული დისკუსიის შედეგად გამოქვეყნდა, დააფიქსირეს, რომ მოსკოვისთვის ადრე გაგზავნილ ტექსტში გარკვეული კორექტივებია შეტანილი, თუმცა გეგმის ეს ვერსია ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუღიათ.


დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოამზადეს შემხვედრი წინადადებები, რომლებიც აშშ-ის სამშვიდობო გეგმას ეფუძნება, მაგრამ ზოგიერთი პუნქტის შეცვლას და ზოგიერთის საერთოდ ამოღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ევროპელების ვარიანტი არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას.


ევროპელები მიიჩნევენ, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს პუნქტიც NATO-ს წევრობაზე უკრაინის უარის კონსტიტუციური ვალდებულების და ალიანსის მხრიდანაც შესაბამისი უარის შესახებ და რუსეთს, უკრაინას და NATO-ს შორის უნდა გაფორმდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება თავდაუსხმელობის თაობაზე.


ევროპელების წინადადებაა, რომ მომავალ შეთანხმებაში არ უნდა იყოს ამერიკული გეგმის ის პუნქტი, რომლის თანახმად, რუსეთი არ ჩაერევა მეზობელი ქვეყნების საქმეებში, NATO კი, აღარ გაფართოვდება. ევროპული პროექტით, NATO-ში უკრაინის შესვლა წევრების კონსენსუსს დაეფუძნება. ევროპის წინადადებაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იყოს 800 ათასი.