მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის მომლაპარაკებლებმა ვერ მიაღწიეს გარღვევას უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში. რუსი ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო, მაგრამ უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების საკითხზე „კომპრომისი“ არ არის. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ ისინი განხილვას საჭიროებს.
ეს მოხდა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისას.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნები „მიუღებელია“: „ჩვენ არ ვაპირებთ ევროპასთან ბრძოლას, მაგრამ თუ ევროპას ჩვენთან ბრძოლა სურს, ჩვენ ახლავე მზად ვართ.“
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.
„თუ პროცესი გაჭიანურდება ან შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ რუსეთზე ზეწოლის ორი საუკეთესო გზა არსებობს: პირველ რიგში, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარება გაგრძელდება. დღეს ეს ევროპელებისა და აშშ-ის დამსახურებით ხდება. მეორე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწიონ,” - განაცხადა მარკ რუტემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის პროექტში ზოგიერთი რამ „ჯერ კიდევ უნდა შემუშავდეს“, მაგრამ „ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არსებობს შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს.“
“უკრაინა ამერიკული დელეგაციისგან სიგნალებს დაელოდება მათი რუსეთში შეხვედრების შემდეგ. შეერთებული შტატების დელეგაცია ჩვენთვის პირდაპირ აპირებს ინფორმაციის მოწოდებას ამ შეხვედრების შემდეგ. შემდგომი ნაბიჯები ამ სიგნალებზე იქნება დამოკიდებული.
ამა თუ ის სახეობის სიგნალებს მივიღებთ. თუ სიგნალები გარკვეულად იმუშავებენ - თუ ეს სამართლიანი იქნება ჩვენს პარტნიორებთან - მაშინ შეიძლება ძალიან მალე შევხვდეთ ამერიკულ დელეგაციას. რა დონეზე - ვნახავთ, დამოკიდებულია სიგნალებზე. თუ სიგნალები გლობალური, მაგრამ სწრაფი გადაწყვეტილებების შესაძლებლობასა და შანსს ხსნიან, მაშინ შეხვედრები უფრო მაღალ დონეზე გაიმართება.
მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული,” - წერს ზელენსკი.
„ვცდილობთ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს უკრაინის მომავალი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - აღნიშნა რუბიომ.
კითხვას, რამდენად დარწმუნებულია მშვიდობის პერსპექტივაში, რუბიომ უპასუხა,:
„რთულია ამ საკითხზე დარწმუნების დონის განსაზღვრა, რადგან საბოლოო ჯამში, რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს. პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა. მხოლოდ პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება რუსეთის მხრიდან,“ - აღნიშნა რუბიომ.
2 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
2 დეკემბრის შეხვედრას წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება როგორც ვაშინგტონსა და კიევს, ისე კიევსა და ევროპის ქვეყნებს შორის. პირველ დეკემბერს ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად.
უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უძღვებოდა. უმეროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ეს შეხვედრა იყო პროდუქტიული და წარმატებული". პარალელურად ევროპის ქვეყნებში შეხვედრებს მართავდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 2 დეკემბერს, ირლანდიაში ყოფნისას, აშშ-დან დაბრუნებული უკრაინის დელეგაციის წევრებთან პირისპირ შეხვედრისას მოისმინა მან მაიამიში გამართული შეხვედრის დეტალები.
მოგვიანებით, ირლანდიელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დღეს ყველაზე ახლოს არის მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რომ ამისი რეალური შანსი არსებობს, მაგრამ ეს შანსი გამოსაყენებელია.
"მოგიწოდებთ შეეწინააღმდეგოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ასუსტებს რუსეთზე ზეწოლას, სანამ ომი და ოკუპაცია, სიძულვილის პროპაგანდა გრძელდება. რუსეთზე ზეწოლა სრულად უნდა შენარჩუნდეს, რომ რუსეთს არ ეგონოს, ის დაჯილდოვდება ამ ომის, უკრაინის მიწის მიტაცების ან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო," - განაცხადა ზელენსკიმ 2 დეკემბერს ირლანდიის პარლამენტში გამოსვლისას.