ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაავალა, პრიორიტეტულად განიხილონ იმ უცხოელებისთვის ვიზის განაცხადები, რომელთაც შეერთებულ შტატებში ჩასვლა სურთ საიმისოდ, რომ ინვესტიცია ჩადონ ამერიკაში, ან დაესწრონ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს.
ამავდროულად, ადმინისტრაციამ დაამატა ახალი კრიტერიუმები მაღალკვალიფიციური უცხოელი სამუშაო ძალისთვის, რომელიც კონკრეტული ვიზის მიღებას ცდილობს. ამ კვირაში ყველა აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში გაგზავნილ ტელეგრამებში, რომლებიც Associated Press-მა მოიპოვა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბიზნესმენებისთვის ვიზის განაცხადები, რომლებიც განიხილავენ „მნიშვნელოვან ინვესტიციებს“ შეერთებულ შტატებში, განსახილველი სიის სათავეში უნდა იყოს იმ პირების განაცხადებთან ერთად, რომელთაც სურთ მოგზაურობა „მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების სიტყვით თავისუფლების შეზღუდვაზე არიან პასუხისმგებელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ე.წ. „ფაქტჩექერებს“ და იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც „აშშ-ში დაცული გამოხატვის უფლების ცენზურაზე არიან პასუხისმგებელი ან ცენზურის დაწესების მცდელობაში მონაწილეობენ.“ Reuters-ის ცნობით, თავდაპირველად გადაწყვეტილება H-1B სამუშაო ვიზებზე, კერძოდ ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება, თუმცა სხვა სავიზო განაცხადებზეც გავრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულოების თანამშრომლებს ავალებს, რომ H-1B ვიზებზე განმცხადებლების დასაქმების ისტორია საფუძვლიანად შეისწავლონ.
„სრულყოფილად უნდა შეისწავლოთ და დაადგინოთ მუშაობდნენ თუ არა ისინი ისეთ სფეროებში როგორიც დეზინფორმაცია, კონტენტის მოდერაცია, ფაქტების შემოწმება და ონლაინ უსაფრთხოებაა,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმში.