კალასი: სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. კაია კალასმა განმარტა, რომ ეს საკითხი 15 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.


კალასის თქმით, სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად.

უფრო ადრე, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა გააძლიერა დეზინფორმაციის კამპანია სომხეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.


“სომხეთს მომავალ წელს არჩევნები აქვს. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათ დასახმარებლად. სომხეთმა მოგვმართა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში იგივე მხარდაჭერა ითხოვეს, რაც ჩვენ მოლდოვას გავუწიეთ,“ - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილეს „ჰიბრიდული საფრთხეები“. მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან იგულისხმება ეს საფრთხეები.


„განვიხილეთ ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის სფეროში მიღწეული ყველა ძირითადი მიღწევა... ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები და ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.


მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკონომიკის მინისტრმა სომხეთის პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ სომხეთის მთავრობას 2026 წლის არჩევნებამდე გარე საფრთხეების გასანეიტრალებლად დახმარება სჭირდება.


„შესაძლოა იყოს ჰიბრიდული თავდასხმები, კერძოდ, ჩვენი დემოკრატიის საფრთხის შექმნის მცდელობები და სხვადასხვა სახის ყალბი ამბების ან საარჩევნო მოსყიდვის მექანიზმების გამოყენება გარკვეული წრეების მიერ, რომლებიც მილიარდობით დოლარს ფლობენ,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


გევორქ პაპოიანმა ასევე არ დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, თუმცა თქვა, რომ სომხეთს სჭირდება ფულადი რესურსები, ძალა და ცოდნა, როგორ ებრძოლოს გარე ჩარევის საფრთხეს.