ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორდქიფანიძეს სანქციები დაუწესა. ლორთქიფანიძის გარდა, ასევე, დასანქცირდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე... საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის...
სასამართლოსადმი ჩვენი მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას," - განაცხადა რუბიომ.
2024 წლის ნოემბერში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს, რის მიზეზადაც ღაზის კონფლიქტის დროს ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სახელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაუწესა სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცხრა მოსამართლეს და პროკურორს.