აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში “წინასწარი პატიმრობა“ შეეფარდა

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქესა და სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს „ორთვიანი წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. აქტივისტს „ბრალი“ წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუ დანაშაული „ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.“

თამარ მერაყიშვილის მშობლები "სასამართლოს" ფოიეში


გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო მოსმენა 24 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტები და ბრალდებულის ოჯახის წევრები სხდომაზე არ შეუშვეს. გამოცემა „საპას“ ცნობით, აქტივისტი უარყოფს ბრალდებებს და მან შიმშილობა გამოაცხადა.


„თამარ მეარაყიშვილის დაკავება მისი მიმართ განხორციელებული, 8-წლიანი დევნისა და შევიწროების პრაქტიკის გაგრძელებაა,“ – განაცხადა 23 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც აქტივისტის უფლებებსა და ინტერესებს იცავს.


„უკვე 8 წელია, ცხინვალის ხელისუფლება მას სრულ იზოლაციაში ამყოფებს და გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე ტოვებს.“


„მიუხედავად მუდმივი შევიწროებისა, ამ წლების განმავლობაში თამარს არ შეუწყვეტია ადგილობრივი უწყებების კრიტიკა – იგი საჯაროდ ამხელდა მათ კორუფციასა და უფლებების დარღვევებში, რაც მისი კიდევ ერთხელ დაკავების საფუძველი გახდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


დაპატიმრებამდე მეარაყიშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში დააანონსა ოკუირებულ ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა მოითხოვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას მეარაყიშვილისთვის ჩამორთმეული ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გასვლისთვის საჭირო დოკუმენტები და მას ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდა.